შინაარსზე გადასვლა

Atari, Inc.

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Atari, Inc.
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 26 ივლისი, 1972; 53 წლის წინ (1972-07-26)
დამაარსებელი ნოლან ბუშნელი
ტედ დებნი
დაიხურა 12 მარტი, 1984
სათავო ოფისი სანივეილი, კალიფორნია, აშშ
პროდუქცია Pong
Atari 2600
Atari 5200
მფლობელი Warner Communications (1976–1990)
Time Warner (1990–1992)

Atari, Inc. — ამერიკული ვიდეო თამაშებისა და სახლის კომპიუტერების დეველოპერი კომპანია, რომელიც დაარსებული იქნა 1972 წელს ნოლან ბუშნელისა და ტედ დებნის მიერ[1]. Atari, Inc ითვლება არკადული თამაშების ერთ-ერთ დამაარსებლად[2], რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა სათამაშო ავტომატებისა და მთლიანად ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ჩამოყალიბებაში. კომპანია ყველაზე მეტად ცნობილია არკადული აპარატის Pong-ისა და ვიდეო თამაშების კონსოლების Atari 2600-სა და Atari 5200-ის შექმნით.

კომპანია დაარსდა სანივეილში, კალიფორნიაში. 1972 წელს მათ გამოუშვეს ერთ-ერთ ყველაზე ადრეული და პოპულაური არკადული თამაში „Pong“. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან და ინტეგრირებული სქემების გაიაფებასთან ერთად, Atari სამომხმარებლო ბაზარზეც შევიდა: ჯერ „Pong“-ისა და სხვა წარმატებული არკადების სახლის კონსოლების ვერსიებით (1975 წელი), ხოლო 1977 წელს — პროგრამირებადი კონსოლით Atari VCS (მოგვიანებით ცნობილი როგორც Atari 2600), რომელიც სათამაშო კარტრიჯებს იყენებდა. პროექტის დასაფინანსებლად ბუშნელმა 1976 წელს Atari კომპანია Warner Communications-ს მიჰყიდა. 1978 წელს ბუშნელი გაათავისუფლეს, ხოლო 1979 წელს კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად რეი კასარი დაინიშნა.

1978-1982 წლებში Atari სწრაფად გაფართოვდა და ინდუსტრიის ლიდერად იქცა. მისმა არკადულმა თამაშებმა, როგორიცაა „Asteroids“, ხელი შეუწყო არკადული ვიდეო თამაშების ოქროს ხანის დადგომას (1979–1983), ხოლო Taito-ს „Space Invaders“-ის Atari 2600-ზე პორტირებამ კიდევ უფრო გააძლიერა Atari-ს პოზიციები ინდუსტრიაში. ატარის წარმატებას მოჰყვა ახალი მოთამაშეების, Mattel Electronics და Coleco-ს გამოჩენა ბაზარზე, აგრეთვე ხელი შეუწყო მესამე მხარის დეველოპერების, მაგალითად, Activision-ისა და Imagic-ის აღზევებას.

1982 კომპანია ასევე შევიდა სახლის კომპიუტერების ბაზარზე თავისი პირველი 8-ბიტიანი სისტემებით, თუმცა კონკურენტებთან შედარებით ნაკლებად პოპულარული იყო. 1983 წელს Atari-მ 530 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაკარგა, რასაც კასარის გადადგომა და ჯეიმს მორგანის დანიშვნა მოჰყვა. მორგანმა კომპანიის გადარჩენა კადრების შემცირებითა და ხარჯების დაზოგვით სცადა, თუმცა ფინანსურმა პრობლემებმა მთელ ინდუსტრიაზე მოახდინა გავლენა, რამაც 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი გამოიწვია, რის შედეგადაც მთელი აშშ-ის ვიდეო თამაშების ბაზარი განადგურდა.

1984 წლის ივლისში Warner Communications-მა Atari-ს კონსოლებისა და კომპიუტერების განყოფილება ჯეკ ტრამიელს მიჰყიდა, რომელმაც კომპანიას ახალი სახელი Atari Corporation დაარქვა. Atari, Inc.-ს კი შემდეგ Atari Games ეწოდა. 1985 წელს Warner-მა Namco-სთან ერთად ჩამოაყალიბა AT Games, Inc., რომელმაც Atari Games-ის სათამაშო ავტომატების აქტივები შეისყიდა. საბოლოოდ, Atari Games-ს Atari Holdings, Inc. დაერქვა და იგი Warner Communications-ის (მოგვიანებით Time Warner) არაფუნქციონირებად შვილობილ კომპანიად დარჩა 1992 წლამდე, სანამ კვლავ მშობელ კომპანიას არ შეერწყა.

Atari-ის შექმნილი არკადული თამაშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Atari Inc. - Business is Fun, by Curt Vendel, Marty Goldberg (2012) ISBN 0985597402

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Atari“. Giant Bomb. July 6, 2013.
  2. Keza MacDonald. (20 March 2014) IGN PRESENTS: THE HISTORY OF ATARI. Ziff Davis, LLC.. ციტირების თარიღი: 14 May 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Atari,_Inc.&oldid=5449745“-დან